Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მედიცინის ფაკულტეტის სტომატოლოგიის დეპარტამენტის აკადემიური პერსონალის ვიზიტი ზაგრებში

მიმდინარე წლის 28-29 ნოემბერს მედიცინის ფაკულტეტის სტომატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვლადიმერ მარგველაშვილი და ბავშვთა ასაკის სტომატოლოგიის და სტომატოლოგიურ დაავადებათა პროფილაქტიკის კათედრის გამგე, პროფესორი მანანა კალანდაძე იმყოფებოდნენ ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში.

ზაგრებში 29 ნოემბერს გაიმართა სტომატოლოგიის თანამედროვე სახელმძღვანელოს „Essentials of Dental Medicine” - ს პრეზენტაცია, რომლის თანაავტორებიც არიან პროფ. ვ. მარგველაშვილი და ჩვენი ფაკულტეტის კურსდამთავრებული, ამჟამად ტაფტის (ბოსტონი, აშშ) უნივერსიტეტის პროფესორი მარიამ მარგველაშვილი.

პრეზენტაცია ჩატარდა საზეიმო და აკადემიურ გარემოში, ზაგრების სასტუმრო „ესპლანდე“-ს შენობაში. პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა სახელმძღვანელოს თანაავტორი, პროფ. ვ. მარგველაშვილი, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული ნაშრომი არის მულტიდისციპლინარული და იგი განკუთვნილია როგორც სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის, ასევე გამოცდილი ექიმებისთვისაც. სახელმძღვანელოში განხილულია თანამედროვე სტომატოლოგიის პრაქტიკულად ყველა ძირითადი მიმართულების საინტერესო საკითხები. მისი ავტორები არიან მსოფლიოს 23 ქვეყნის 70-ზე მეტი ცნობილი და სახელმოხვეჭილი სტომატოლოგი მეცნიერი და აკადემიური სფეროს წარმომადგენელი. ყველა მომხსენებელმა, მათ შორის პროფ. ვ. მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ეს ინტერნაციონალურ ავტორთა მიერ შექმნილი ნაშრომი ძალიან მალე გახდება მსოფლიოს ბევრი ქვეყნის პროფესიონალ სტომატოლოგთა სამაგიდო წიგნი.

ვიზიტის ფარგლებში პროფ. ვ. მარგველაშვილი და პროფ. მ. კალანდაძე შეხვდნენ ზაგრების უნივერსიტეტის სტომატოლოგიური სკოლის (ფაკულტეტის) დეკანს, პროფ. ზრინკა ტარლეს და ვიცე დეკანს, ასოცირებულ პროფესორ მარინ ვოდანოვიჩს.

მათ ისაუბრეს და შეთანხმდნენ თსუ-სა და ზაგრების უნივერსიტეტის სტომატოლოგიურ მიმართულებებს შორის მომავალი თანამშრომლობის შესახებ. დაისახა კონკრეტული გეგმა, რომლის განხორციელებაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტების აქტიურად ჩართვას საერთაშორისო სასწავლო პროცესებში, ასევე გახდება აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების საფუძველი.